როგორია ოპოზიციის გეგმა საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით - მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ მათმა ოპონენტებმა განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე, მეთერთმეტე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობამდე, კანონის დარღვევით იმიტომ შეადგინეს, რომ შემდეგ კანონის დაცვით აღარ დაწერონ და მართლა არ მოუწიოთ მანდატებზე უარის თქმა.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტეს პროცედურები და თქვეს, რომ ოთხი ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც მანდატების გაუქმების მოთხოვნით ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. მათივე განმარტებით, ოპოზიციას სიების ჩახსნა სხვა მოცემულობით არ შეუძლია.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ, მაგრამ მანდატების დათმობაზე განცხადების დაწერას არ აპირებენ, რადგან ეს "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგია და არა მათი.
"იქამდე, სანამ არჩევნებს არ ექნება ნდობა სახლში და დასავლეთში, იქამდე სანამ არ მოხდება ხელახალი არჩევნები და ეს ნდობა არ გაჩნდება, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვანიჭებთ. თქვენ ამას ძალიან კარგად ნახავთ იმ პირველ დღეს, როდესაც არალეგიტიმურ პარლამენტს "ქართული ოცნება" შეკრებს და იქნება სრულიად მარტო.
სიების ჩახსნა და მანდატების გაუქმება, ეს არ არის ჩვენი გზა. არიან პარტიები თუ კოალიციები, რომლებიც 10-ჯერ აპირებენ განცხადების დაწერას და ჩვენ არ მივყვებით მათ გზას, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი და ტაქტიკა.
სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგია და ჩვენგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება. არ ვაპირებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში მოვექცეთ და "ქართული ოცნების" ბერკეტები იყოს ჩვენზე გამოყენებული და მათი ნება-სურვილის შესაბამისად ვმოქმედებდეთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.