20 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ცხადია ევროკავშირი ითანამშრომლებს არჩევნების გზით ლეგიტიმურად მოსულ ხელისუფლებასთან, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამას მოწმობს ეუთო/ოდირის შეფასებები - ეკა სეფაშვილი 

"ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა "ქართული ოცნების" მთავრობასთან, მოედანზე მხოლოდ ისინი არიან, ამიტომ ევროკავშირს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს", - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის ინფორმაცია, რომელმაც ბრიუსელის კულუარული საუბრები გაასაჯაროვა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

სტატიაში საუბარი იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დახურული სხდომის დეტალებზე.

"არ არსებობს ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებების უტყუარი მტკიცებულება. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს მთლად დაუჯერებელი არ არის", - წერს რიკარდ იო-ზვიაკი.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული დამოკიდებულა ხელისუფლების მიმართ არ გაკვირვებიათ, მეტიც, ელოდნენ კიდეც, ვინაიდან მათ განცხადებებში შერბილება შეინიშნებოდა.

"მოვლენების განვითარებას ისედაც ველოდით არჩევნებამდეც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, იგივე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, უბრალოდ უკვე შეინიშნებოდა გარკვეული შერბილება მათ განცხადებებში. მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებდნენ არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებასთან და ეს ხელისუფლება იქნებოდა, რა თქმა უნდ,ა "ოცნება", ამაში თვითონაც არ ეპარებოდათ ეჭვი და ახლა ეს წერილი უბრალოდ ადასტურებს ამ ჩვენს ეჭვებს და ჩვენს ვარაუდებს.

თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირი ითანამშრომლებს არჩევნების გზით ლეგიტიმურად მოსულ ხელისუფლებასთან, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამას მოწმობს ეუთო/ოდირის შეფასებები და ის ცოტაოდენი სკეპტიციზმი, რაც უკავშირდება 54%-ს, ევროპელების თვალში ეს შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, იმიტომ, რომ როგორც წესი, ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პარტიები ევროპაში ძალიან ცოტა არის, მაგრამ თუ ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ, ეს არის შედეგი ოპოზიციის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკისა და თავისთავად ცხადია, რომ ხალხმა ასეთ მავნებლურ პოლიტიკას მხარი არ დაუჭირა", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები