24 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და დანიის სტატისტიკას შორის ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - "საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების განვითარება" ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმების შესრულების ხელშეწყობა, საქსტატის მიერ დროული, სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების წარმოება და მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. Twinning-ის პროექტი საქსტატში 2019 წლის აპრილში დაიწყო და ოთხ კომპონენტს მოიცავდა, როგორიცაა, საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, სოციალური სტატისტიკა და ბიზნეს სტატისტიკა. პროექტის ფარგლებში წარმატებულად განხორციელდა ექსპერტთა 75 მისია და 6 სასწავლო ვიზიტი ჩეხეთისა და დანიის სტატისტიკის სამსახურებში.
ეროვნული ანგარიშების მიმართულებით მთავარ მიღწევად, 2019 წლის ბოლოს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვა წარმოადგენს, რაც ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადასვლას, მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას გულისხმობს. კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხს სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტების დანერგვა წარმოადგენდა. საქსტატმა 2020 დეკემბერში ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობისა მონაცემები გამოაქვეყნა.
მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა ასევე ბიზნეს სტატისტიკის განვითარების თვალსაზრისით, კერძოდ, ბიზნეს რეგისტრის გაუმჯობესება, მოკლევადიანი სტატისტიკის ახალი ინდიკატორების წარმოება, ტურიზმის სტატისტიკა განვითარება და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტი, "საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების განვითარება", საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დანიის სტატისტიკას შორის 2 წელი და 8 თვე მიმდინარეობდა.