საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა "დემოკრატიის ვარიაციები", რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია "დემოკრატიის ვარიაციები" აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები:
- გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression);
- თავისუფლება წამებისგან (freedom from torture).
"დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე.
კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, "ელექტორალური დემოკრატიის" ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.