უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების მოსმენა დაიწო. შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.
მოსამართლეების კანდიდატების მოსმენას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს პროცესი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას.
"ჩვენ მიგვიწვიეს პარლამენტში, რათა დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს. უარი ვთქვით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ჯერ კიდევ იმ პროცესის ნაწილია, რომელზეც ვსაუბრობდით აპრილისა და ივლისის შემდეგ. ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით, რადგან ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების პირობებთან.
არის გარკვეული ხარვეზები ჩვენი გადმოსახედიდან, რომელიც კანონმდებლობას შეეხება, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად არ შეესაბამება. ჩვენ ასევე ვიხილეთ ოდირის შეფასება, რომელიც შეეხებოდა მათ მიერ ინიცირებულ ნომინაციის პროცესს. ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს, რათა გადაიხედოს პროცედურები, სანამ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება. ცხადია, რომ ეს პარლამენტარებზეა, სიტუაციის განსჯა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.