პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო - იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენადი მაკარიძის გასაუბრება უკვე 1 საათზე მეტია მიმდინარეობს. დღესვე მოუსმენენ თამარ ოქროპირიძეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, გასაუბრება ვენეციის კომისიის მითითების შესაბამისად წარიმართება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა. მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.
პარტია "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს 2020 წელს "გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაუსვა კითხვა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი არსებობს.
"28 წლამდე თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აქ ხართ უკვე უზენაესი სასამართლოს კანდიდატად მობრძანებული. ჩემი აზრით ეს ცოტა უცნაურია.
გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფი არსებობს, ე.წ. კლანი, ხოლო გამოკითხულთა 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს? იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ ლევან იოსელიანის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ე.წ. კლანის არსებობის ობიექტური საფუძველი მან ვერც ერთ განცხადებაში ვერ დაინახა და აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს კითხვა დაუსვა ზემოქმედების მოხდენის მცდელობის არსებობაზე, ან მის გადაწყვეტილებაზე რაიმე უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ უარით უპასუხა.
"ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ირიბად ან პირდაპირ თქვენს გადაწყვეტილებაზე რაიმე სახით ყოფილა მცდელობა ზემოქმედება მოეხდინათ, სასამართლოს შიგნიდან და სასამართლოს გარედან, და თუ იყო ასეთი მცდელობა - ვინ იყო ამ ზემოქმედების მოხდენის მსურველი," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კანდიდატს თუ რა დონეზეა დღეს მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი რა დონეზეა და არის თუ არა საჭირო კიდევ უფრო გაიზარდოს დამოუკიდებლობის ხარისხი. გენადი მაკარიძემ განაცხადა, რომ არ არსებობა ისეთი მოცემულობა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ "პიკს მივაღწიეთ და ამის იქით განვითარება აღარ არის".
"სასამართლოს დამოუკიდებლობა ალბათ პირველ რიგში კანონის უზენაესობას ნიშნავს. თავად მოსამართლის დამოუკიდებლობის განმარტება ბანალური პრინციპების მიხედვით კანონის უზენაესობაზე მიუთითებს. სასამართლოს პრესტიჟი მხოლოდ სამოსამართლო საქმიანობით არ განისაზღვრება. მოსამართლე ყოველდღიურ ცხოვრებაშიდაც სამაგალითოდ უნდა იქცეოდეს და სამაგალითო უნდა იყოს," - აცხადებს გენადი მაკარიძე.
კითხვას, 13 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ჰქონია თუ არა გენადი მაკარიძეს ისეთი საქმეები, სადაც დისკრიმინაციის საკითხები განიხილებოდა, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ იყო და ძირითადად ეს საქმეები შრომით დავებს ეხებოდა.