იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენადი მაკარიძის მოსმენა გრძელდება - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა დაახლოებით 11 საათზე დაიწყო. გენადი მაკარიძესთან კითხვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აქვთ.
პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძესა და უმრავლესობის დეპუტატებს მასში ჩახედვისკენ მოუწოდა.
"თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არის არალეგიტიმური. ზეწოლა არ ყოფილაო, არავის დაურეკავს ჩემთვის არასდროსო და ბატონო გენადი მე გეტყვით, რომ აქ სისტემა ისეა უკვე აწყობილი საათივით, რომ არავის დასჭირდება თქვენზე ზეწოლა.
არ ვიციო "კლანი" რა არისო და მე გეტყვით რა არის. როგორ მუშაობს იცით, ეს სისტემა? მოსამართლეთა კონფერენცია, ანუ თქვენნაირი მოსამართლეები აირჩევთ იუსტიციის საბჭოს წევრებს, ხოლო შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრები წარმოგადგენენ თქვენ კანდიდატებად.
ხელცარიელი არ მოვსულვარ. შეგიძლიათ ჩაიხედოთ," – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და ტრიბუნაზე სარკე დატოვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ანა ნაცვლიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ამგვარი საქციელი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ თავად უნდა ჩაიხედოს სარკეში.
"ოცნების" ფერია, მადლობა ქალბატონო ანა. ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხისადმი. დემოკრატიულობას ქადაგებენ და განსხვავებულ აზრს როდესაც აფიქსირებ, შენ მიუღებელი ხარ. როგორი არასერიოზული დამოკიდებულებითაც მოვიდა და დაგვიტოვა რაღაც ნივთი, ეს მეტყველებს მე მგონი, რომ თვითონ უნდა ჩაიხედონ სარკეში, მათთვის კარგი იქნება, რომ მიხვდნენ სად არიან. ლეგიტიმაცია ვის არა აქვს კარგად დაინახავენ შემდგომ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.