დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში საქართველო მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულშია. ახალი მონაცემები კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა და მთავრობის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. ორგანიზაცია “დემოკრატიის ვარიაციების” გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში გაუმჯობესებულია როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე - თავისუფლება წამებისგან.
დემოკრატიების ხუთეულში მოხვედრას, საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს და გატარებულ რეფორმებს უკავშირებენ იუსტიციის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ხელისუფლების მხრიდან არაერთი ეფექტური ნაბიჯია გადადგმული.
კვლევის შედეგები გაუგებარია ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ კომპანიის კვლევის მეთოლოგიას არ იცნობენ. ამბობენ იმასაც, რომ გამოქვეყნებული შედეგები ქართულ რეალობას აცდენილია.
ოპოზიციისგან განსხვავებით, კვლევის შედეგები სანდო და ობიექტურია "ქართული ოცნებისთვის". საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ რომ მსოფლიო ცივილიზაციის წამყვანი ქვეყნებისთვის საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორია.
ექსპერტები განმარტავენ, რომ მსგავსი კვლევები და წარმოდგენილი ინდექსები გადამწყვეტი ფაქტორია დემოკრატიის სამიტებზე, სადაც ქვეყნებს კარგი მაჩვენებლების მიხედვით ირჩევენ. სწორედ ამას უკავშირებენ საქართველოს მიწვევას 9 და 10 დეკემბერს ბაიდენის ინიციატივით ჩანიშნულ სამიტზე, რომელშიც ასამდე ქვეყნის ლიდერთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.