"უხეში დარღვევა, ბიუჯეტის ჩავარდნის შიში, პირდაპირ დანაშაული" - ოპოზიცია ბიუჯეტის პროეტის დამტკიცებაზე
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესს მმართველი გუნდი იმის შიშით აჩქარებს, რომ "ბიუჯეტის ჩავარდნის ეშინიათ".
"იმის შიშით, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდეს და შემდგომ დღის წესრიგში არ დადგეს მერების არჩევნების თავიდან დანიშვნის საკითხი, ამის შიშით სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს იმ ქალაქებში, სადაც უმრავლესობა აქვთ დაკარგული. ეს არის პირდაპირ დანაშაული,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
პარტია "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, რაც შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს.
"არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ უკვე არჩეული მომავალი საკრებულოს ბიუჯეტი. ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმისა და ყველა აზრის, რაც კი შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ ახალი საკრებულოების მოწვევამდე მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი შეაჩეროს.
დღეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. დაპირისპირების ფონზე, დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა.