პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სპეციალურ ბრიფინგზე ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ოპოზიციის ქმედებებს ცირკი უწოდა.
მან განმარტა, რომ ბიუჯეტის დამტკიცება კანონიერ ფარგლებში ხდება და ოპოზიცია იაფფასიან მეთოდებს იყენებს იმისათვის, რათა ეს პროცესი ჩააგდოს და ხელი შეუშალოს:
"დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს უყურებს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში 2017 წლის მოწვევის საკრებულოების შემადგენლობებს დაემტკიცებინათ, შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
ჩვენ ის შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა გვაძლევს, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცემოდათ. დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და შესაბამისად, მათი მთავარი მესიჯბოქსი ფეიკზე გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული ორგანოს წარმომადგენლობითი პირველი სხდომა გაიხსნება. ეს კი ჯერ არ მომხდარა. ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი.
იქ, სადაც არის საზოგადოების ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად ვერ მიაღწიონ. დღეს გამართული ცირკი, სპეციფიური სუნის მქონე ხსნარი სხდომათა დარბაზში და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს მათ რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, გვინდა მათ ვუთხრათ, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში ხელს ვერ შეგვიშლიან," - აცხადებს სოზარ სუბარი.