პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დასკვნით ეტაპზეა. კითხვებს ბოლო კანდიდატი - თეა ძიმისტარაშვილი პასუხობს.
დეპუტატების ინტერესის სფერო მოსამართლის ბიოგრაფია და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შეფასება წარმოადგენს.
მოქალაქეების წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებს გულწრფელობა აკლიათ, რადგან ყველა მათგანი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემაში არანაირი პრობლემა არ იყო:
"ვინც აქ მოდის, ყველა საუბრობს, რომ არანაირი პრობლემა იმ დროს სასამართლოში არ ხდებოდა. ეს არის ჩემთვის გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ უკეთესი იქნებოდა ამაზე ღიად და გულწრფელად გვესაუბრა და ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ჩემთვის და მსმენელისათვის, ვინც ამას თვალ-ყურს ადევნებს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევში ჩვენ სულ სხვა რეალობა ვიცით იმ სასამართლოში, მე პირადად ვმუშაობდი ადვოკატად იმ პერიოდში და უამრავმა ჩვენმა მოქალაქეა, ვინც თავის თავზე იწვნია უსამართლობა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანის კითხვაზე მოსამართლე ძიმისტარაშვილის პასუხი იყო, რომ ის პირადად თავის გადაწყვეტილებებზეა პასუხისმგებელი.
მმართველი პარტიის წევრი გურამ მაჭარაშვილი, 2012 წელს "ქართული ოცნების" შემომწირველების საქმეს შეეხო, რომლის ერთ-ერთი მოსამართლეც მისი თქმით, თეა ძიმისტარაშვილი იყო:
"თქვენი პრაქტიკიდან ალბათ გემახსოვრებათ 2012 წელს იყო "ქართული ოცნების" შემომწირველების დაჯარიმებების სერია, თანხის წარმომავლობა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ მაინც მოხდა ამ ხალხის დაჯარიმება. თქვენ ერთ-ერთი მოსამართლე იყავით, თქვენი შინაგანი რწმენით მიიღეთ, თუ დღესაც ფიქრობთ იგივე საქმე რომ იყოს, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით?"- ჰკითხა გურამ მაჭარაშვილმა კანდიდატს.
თეა ძიმისტარაშვილის თქმით, მას საქმის დეტალები არ ახსოვს, თუმცა ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო
"დეტალები აღარ მახსოვს, მაგრამ იმ მოცემულობაში აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ წინაპირობას," - აღნიშნა თეა ძიმისტარაშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა.