"ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ შევა საზოგადოებრივ კომიტეტში, რომელიც ექსპრეზიდენტის მოთხოვნით მის გასათავისუფლებლად უნდა შეიქმნას - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტი შეიქმნება და ყველა მსურველს მიეცემა მასში გაწევრიანების შესაძლებლობა.
"ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გაერთიანდეს ამ კომიტეტში, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა ამ ფართო კომიტეტში გაერთიანდეს. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ პუტინის პატიმარი და აქ პარტიულობა არაფერ კავშირშია,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონსულტაციები პარტიის შიგნით და ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს, როგორც შიდა კონსულტაციები, ასევე სხვა პარტიებთანაც. მიხეილ სააკაშვილთან ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და მასთანაც გვაქვს ეს ყველა საკითხი განხილული,"- აცხადებს უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ წერილი გამოქვეყნა, სადაც მოითხოვა საზოგადოებრივი კომიტეტის შექმნა მის გასათავისუფლებლად.