მიეცემა თუ არა პატიმარ ექსპრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა. ამ თემზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. გიორგი ამილახვარის თქმით, სასამართლოზე დასწრების უფლება სააკაშვილს არ შეზღუდვია, იმ შემთხვევას კი, როდესად ის სასამართლოზე არ გადაიყვანეს, თავისი კანონიერი საფუძვლები ჰქონდა.
"არც არასდროს შეზღუდვია, თუ შეზღუდვია, ამას ჰქონდა თავისი კანონიერი საფუძვლები, მე რამდენადაც ვიცი, იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. აქ ექიმების ჩართულობაც მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოიხსნას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რისკები, რა წამს ეს რისკები იქნება მოხსნილი, როგორც ნებისმიერ პატიმარს, ბუნებრივია მასაც უნდა მიეცეს და ალბათ მიეცემა საშუალება, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს. მე ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გაცხადებულ მიზანს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საზოგადოება ამ საკითხით დაიღალა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" მათ არასწორ განწყობებს და მოლოდინებს უქმნის და შემდგომ ამას ვერ ახორციელებს:
"ძალიან დაიღალა საზოგადოება ამ საკითხით, აქტუალობაც დაკარგა. თითქოს არჩევნების დროს ცდილობდნენ ტემპერატურის აწევას, როგორც ყოველთვის არასწორ განწყობებს და განცდებს უქმნიან მათ ამომრჩეველს და საზოგადოებას და შემდგომ ვერ ახორციელებენ. ამას ვხედავთ 9 წელია. ხალხი, საზოგადოება დაიღალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პატიმრობის საკითხით," - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.