"ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.
"მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან, ლევან ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ბეჟაშვილი ამბობს, რომ მათი მოქმედებები არსებული ვითარებიდან გამომდინარე განახლებადი იქნება.
"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა იქნება მუდმივი და განახლებადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საპროტესტო მუხტს ვერ დავაგდებთ იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობა და ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს.