"ნაციონალური მოძრაობა" სასამართლო დავის დაწყებას აანონსებს. საუბარია 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე, რომელიც აჭარასა და სამეგრელოს საკრებულოებში წინა მოწვევის დეპუტატებმა დაამტკიცეს.
ოპოზიციური ძალისთვის განვითარებული მოვლენები მუნიციპალიტეტების დონეზე ძალაუფლების მიტაცებაა.
"არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური. ვინაიდან, ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საკრებულოების არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება. მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება. ამ პროცესს აუცილებლად წავიღებთ სასამართლოში,"- პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განმარტებით, აჭარასა და სამეგრელოში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებით ოპოზიციის მხრიდან შესაძლო საბოტაჟის პრევენცია მოხდა.
"რეალურად, მიღებულ იქნა მართლაც გიდასტურებთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის პრევენციისათვის, რომ საბოტაჟის ეს სტრატეგია არ ყოფილიყო წარმატებული მათ შორის იმ კონკრეტულ რეგიონებში, სადაც საკრებულოში მცირე მაგრამ უმეტესობა ჰყავს "ნაცმოძრაობას". ანუ, პერსპექტივა იმისა, რომ არ დამტკიცდეს ბიუჯეტი, არ დაიწყოს გარკვეული პროექტების შესრულება, იყო რეალური და ამის რეალობა დაადასტურა ყველა იმ საქციელმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლახანს," - ამბობს გიორგი ვოლსკი.