მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმას იწყებს, დაგეგმილია ფონდის რესტრუქტურიზაცია - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში დარეგისტრირდება.
როგორც პრემიერის განცხადების შემდგომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, კანონპროექტის მიხედვით მოხდება საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა.
"ამ კანონპროექტის მიხედვით მოხდება პირველ რიგში საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი, დაერქმევა საქართველოს განვითარების ფონდი, შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები, პირველ რიგში იარსებებს დამოუკიდებელი პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, რაც არის პირდაპირ გეტყვით ანაქრონიზმი, აღარ შეესაბამება უკვე თანამედროვე რეალიებს და საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გარკვეულ პერიოდში დაევალება, რომ საპარტნიორო ფინანსური აუდიტიდან რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ის უნდა იყოს უფრო ძლიერი ფინანსურად," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.