მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა მიზეზი, თუ რატომ დაბრუნდა ქვეყანაში.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ყველაფრის მიუხედავად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მისივე თქმით, ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა გზაში ვინმეს მოეკლა ან ჩაესვათ დილეგში, საიდანაც მისი შეფასებით, ცოცხლად გამოშვების შანსი მინიმალურია.
"მინდა დავიწყო იმით, რატომ ვარ დღეს ამ დარბაზში, რატომ ვარ დღეს საქართველოში - თქვენ იცით, მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, მაგრამ ორი თვეა არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო. საბჭოში შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის რეფორმებს. ჩემი მომზადებული რეფორმების მიხედვით რამდენიმე კანონი მიიღო "ვერხოვნა რადამ". ეს არის კანონი მაგალითად, მიწის საკუთრების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, რადგან ძალიან დიდი კორუფციაა. უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, "იფსოსის" გამოკითხვით - ვის ნახვას ისურვებდით უკრაინის პრემიერ-მინისტრად - პირველ ადგილზე ვარ. მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი ნათქვამი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს - მექსიკაში წავუკითხე ამას წინათ ლექცია 600 მილიონერს და მილიარდერს საგადასახადო კოდექსზე. მე ეს ყველაფერი გვერდით გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერზე იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებული ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია," - განაცხადა სააკაშვილმა.