ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია იყო - გადაკეტეს გზა და მოაწყვეს კორდონი, რისი გავლითაც ექსპრეზიდენტი ჰოსპიტალში შეიყვანეს.
სასამართლო სხდომა უკვე დასრულდა. მას შემდეგ, რაც პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე განახლდა, ერთადერთი შუამდგომლობა დადგა - ეს ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრების უფლების აღდგენას, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ აქვს.
"საქმეში პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. პროკურატურა ამ საქმეში მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებით მოქმედებს, პროკურორის ის ყალბი გაფიცხებაც ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან ერთად ყოფილიყო პროკურორის გაფიცხებული პოზიციაც,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.
ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ეს სასამართლო ფარსია და მათ არც აქვთ ილუზია, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს.
"ცხადია, რომ ჩვენ არ აღვიქვამთ სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელ ორგანოს, რომელმაც შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და, შესაბამისად, არ გვაქვს ილუზია, რომ ამ სასამართლო სხდომებზე ჩვენი პოზიციის ან არგუმენტების შედეგად მოხდება არგუმენტების მიღება. არა, ბუნებრივია. გარკვეულწილად, ეს არის ფარსი იმ თვალსაზრისით, რომ მხარეები ვთვალთმაქცობთ, თითქოსდა, რაიმე რეალურ პროცესში ვმონაწილეობთ,"-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, რის შემდეგაც ის კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს.