16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
"28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ამაზე ბრალდებული მიგვითითებს, რომ ეს საქმე პიარულია" - პროკურორი გირგვლიანის საქმეზე

საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმის განხილვის დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა პროკურორმაც. 

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ხაზი გაუსვა, რომ ექსპრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეზე პასუხისმგებლობას მაშინდელ შს მინისტრს აკისრებს, საერთოდ არ ახსენებს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის ფაქტს და გირგვლიანის საქმეს "პიარულს" უწოდებს. 

"ვერ მოვისმინეთ ვერცერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებებზე, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებზე - უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერცერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ ტელეკომპანია "იმედის" დარბევაზე. მოვისმინეთ, რომ არავინ დაზარალებულა 7 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა დარბევასთან - ვანო მერაბიშვილმა დაარბიაო, მე არანაირი შეხება არ მქონდაო - ასეთი განმარტება მოვისმინეთ. 200-მდე დაზარალებული მარტო საავადმყოფოში მოხვდა 7 ნოემბერს და როგორ შეიძლება ჩვენ ვუსმინოთ, რომ არავინ დაზარალებულა.  მე მოკლედ გეტყვით რამდენიმე გვარს: ვახტანგ ინასარიძე, ვიქტორ ხოშავა, ეს დაზარალებულები ვერ მოვლენ პროცესზე, იმიტომ ვერ მოვლენ, რომ გარდაიცვალნენ იმ ტრავმების ფონზე, რაც მიიღეს 7 ნოემბერს. 

ჩვენი განსახილველი საქმე სასამართლოს კარგად მოეხსენება, რომ პირველ რიგში გირგვლიანის საქმეს ეხება, რადგან ეს რომ გააშუქა "ტელეიმედმა", ამიტომ დაარბიეს. და გირგვლიანის საქმეზე დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ეს არის მოგონილი და პიარული საქმე. ეს ვიდეომასალა ჩვენ ამ საქმეში უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ გაშუქდა გირგვლიანის დეტალები. 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს. ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული მიგვითითებს, რომ ეს საქმე პიარულია, გესმით? შეიწყალა მან მკვლელები იმიტომ, რომ დამკვეთები დათა ახალაია და სხვა მართლა მანიაკები არ ემხილათ,"-განაცხადა პროკურორმა. 

პროკურორს უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს ხელი არავისკენ გაუშვერია და 7 ნოემბრის მოვლენებს დიდი შეცდომა უწოდა, რომლის პოლიტიკური ფასიც უკვე გადახდილი აქვს. 

"ეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგინეთ, არცერთ ეტაპზე არ ადასტურებდა და არც დაადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას. თქვენ რომ თქვით, მიხეილ სააკაშვილმა ხელი სხვისკენ გაიშვირაო, ეს არის ტყუილი. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომელზეც პოლიტიკური ფასი გადაიხადა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებას, ამაზე პროკურატურას, რომელიც 20 ივნისის საქმეზე მაკო გომურს დაზარალებულად არ სცნობდით, ამ საქმეზე ასეთი პათოსით საუბრის უფლება არ გაქვთ," განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა, რის შემდეგაც ის კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს. 

დღის ამბები