აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს ლიდერები ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულები რჩებიან, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს აძლევს წევრობის შესაძლებლობას, თუ ეს ქვეყნები იზიარებენ მათ ღირებულებებს და ასრულებენ აუცილებელ ვალდებულებებს.
"საქართველო და უკრაინა "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის“ წევრები არიან, რაც აძლიერებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რიგაში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მიიღებს.