16 ნოემბერი 2024,   14:10
ვრცლად
"ბატონ კობახიძეს მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა ევროპული საქციელია" - სალომე სამადაშვილი

ვინ რა გაიგო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გზავნილებიდან - სასამართლო დარბაზში გაკეთებული განცხადებები პარლამენტში შეფასებების მთავარი თემაა.

"ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ძალაუფლებას" - ასეთია ირაკლი კობახიძის შთაბეჭდილება. სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ,"ლელოს" თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა. სალომე სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძეს ევროპულ სტანდარტებზე უცნაური წარმოდგენა აქვს.

"ბატონ კობახიძეს როგორც ჩანს მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა, მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ეს არის ევროპული საქციელი. უცნაური წარმოდგენა გაქვთ, რბილად რომ ვთქვა, იმაზე თუ რა არის ევროპული სტანდარტი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი მმართველ გუნდს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისადმი მოპყრობას უწუნებს.

"არ მომწონს ის, როგორ ექცევით მესამე პრეზიდენტს. ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი, ადამიანი ასე ათრიო საპატიმროში, შელახო ღირსება. მე ჭკუას კი არ გარიგებთ, მე მინდა, რომ ხვალ, ამ სიძულვილიდან და ზიზღიდან გამომდინარე, თქვენ რომ ოპოზიციაში იქნებით, ვინმემ იგივე არ გააკეთოს და ქვეყანაში დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირება," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღესვე სხდომათა დარბაზში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა სხვა აქტუალურ თემებზეც. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიოდატების მოსმენაც იყო.

"მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენას დიდი იმედგაცრუება უწოდა. მისი განცხადებით, არც ერთი კანდიდატი, რომელსაც პარლამენტმა წინა დღეების განმავლობაში მოუსმინა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის სტატუსს არ იმსახურებენ.

"ნამდვილად ძალიან დიდი იყო იმედგაცრუება, რაც ყველა ჩვენთაგანმა მოვისმინეთ ამ ადამიანებისგან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ იყვნენ უზენაესი სასამართლო მოსამართლეები. ეს იმედგაცრუება არ არის მარტო ჩვენში, ჩვენ ვნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებები. ვაღიაროთ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს განმწესებული იყვნენ უვადოდ უზენაეს სასამართლოში," - აცხადებს ლევან იოსელიანი

"ლელოს" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ კი ახლადარცეული საკრებულოების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ხალხმა ძველ საკრებულოებზე სწორედ იმიტომ თქვა უარი, რომ მათი შემადგენლობა არ მოსწონდა, თუმცა მისივე განმარტებით, ხალხის მოსაზრებას "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს.

"ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და ახალი საკრებულო აირჩია სწორედ იმის გამო, რომ არ მოსწონდა წინა შემადგენლობა. მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებმა მაინც უნდა იცხოვრონ იმ შეხედულებების მიხედვით, რომელიც გააჩნია უკვე გადარჩეულ საკრებულოს. მაშინ რაღა აზრი აქვს არჩევნებს, ხომ?! პოზიტიური განვითარების დღის წესრიგი უკვე განსაზღვრულია 19 აპრილის შეთანხმებით, რომელსაც ყოველ დღე ფეხქვეშ თელავს "ქართული ოცნება"," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები