16 ნოემბერი 2024,   14:10
ვრცლად
"ოპოზიცია უნდა შემოსულიყავით და განგეხორციელებინათ თქვენი მანდატი, ამას არ ასრულებთ, უფრო მეტიც, თქვენმა კოლეგა ხაზარამ საერთოდ უარი თქვა პარლამენტზე" - ირაკლი ზარქუა

საკრებულოებში ბიუჯეტის მიღების პროცესი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში მმართველი პარტიის მისამართით კრიტიკა ისმის.

კრიტიკას არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც თავის მხრივ, ოპონენტებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

"19 აპრილის შეთანხმების პირობა იყო, მათ შორის, რომ მთელი ოპოზიცია შემოსულიყავით და აქ განგეხორციელებინათ თქვენი მანდატი. ამას არ ასრულებთ. უფრო მეტიც, თქვენმა კოლეგამ და ლიდერმა ხაზარამ საერთოდ უარი თქვა პარლამენტზე და გავიდა. ჩაწერეთ იმ დოკუმენტში 43%, დაარქვით რეფერენდუმი და ისიც დამარცხდით საქართველოს მოსახლეობასთან. არ აქვს მნიშვნელობა ეგ მიშელის დოკუმენტი იქნება ვალიდური თუ არა, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმას," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა მდინარაძე კი, გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ის პროვოკაციად შეაფასა.  

"გუშინ ჩვენ ვნახეთ საშინელი პროვოკაციები სასამართლოსთან და ვნახეთ როგორ არ ემორჩილებოდნენ პოლიციას, მაგრამ რა იყო მათი ნარატივი, რომ პოლიცია აწყობდა პროვოკაციებს და წინააღმდეგობას უწევდა მომიტინგეებს, რომ გზა გადაეკეტათ. ასე ტრიალდება ყველა თემა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს.

როგორ ხდება, რომ ხმას არ იღებდა არავინ, ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოში და სასამართლოსთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს, არ იღებდა ხმას მაშინ, როდესაც პრეზიდენტი წარმოადგენდა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და გაწიწმატებულია დღეს და ასეთი მკაცრი დამრიგებლის პათოსით ჭკუას გვასწავლის დღეს საქართველოს პარლამენტში, როდესაც არის რამდენიმე ეტაპიანი ე.წ. ფილტრი კანონის მიხედვით დაყენებული, ჯერ სასამართლო სისტემა წარმოადგენს მათ, შემდეგ პარლამენტში გასაუბრებები და ამის შემდეგ ხდება მათი არჩევა.

რატომ ხდება, რომ არგუმენტების გარეშე, უბრალოდ ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა წარმოდგენა და მაშინ არავინ საუბრობდა და არ აკრიტიკებდა და დღეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ ამ თემას და ჩვენს გადაწყვეტილებებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები