აზარტულ თამაშებსა და მედიკამენტების ფასების შესახებ პრემიერის ინიციატივას პლენარულ სხდომაზე დღეს დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე მკვეთრი რეგულაციების შემოღება აუცილებელია, რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს ხუნდაძე ფიქრობს, რომ მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს, მედიკამენტები კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
"ქვეყანაში გვაქვს მძიმე პანდემიური პრობლემა, გვაქვს სხვა გამოწვევები და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ საკითხებზე რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. პრემიერის განცხადებები სწორედ ამ აქცენტებით იყო გაკეთებული. საჭიროა აზარტული თამაშების მკვეთრი რეგულაციების შემოღება, როცა თამაშდამოკიდებული ადამიანები კიდევ უფრო ღრმა პროცესში შედიან და აზიანებენ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ პირებსაც. წამლის ხარისხსა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. აქ მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს და ხელმისაწვდომი გახდეს, მედიკამენტების, როგორც გეოგრაფიული ისე მისი ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. სოციალური პოლიტიკის გაჯანსაღება, რა თქმა უნდა გარკვეული პოზიტიური როლი ამ პროგრამამ ითამაშა, თუმცა მან თავისი როლი ამ სახით უკვე ამოწურა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, რომ არ უნდა დავიჭიროთ ჩვენ ეს განაცხადი უკვე დიდი ხანია გავაკეთეთ და ნარკოტიკების მომხმარებლის დაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ნარკოტიკების გავრცელება,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.