ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრი მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდნენ. ურსულა ფონდერლაიენთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ტრიოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და ევროინტეგრაციის პერსპექტივებთან ერთად, განიხილება ქვეყნების შიდა პოლიტიკა, რეფორმები, დემოკრატიზაციის პროცესი და ის, თუ რა არის ამისთვის საჭირო.
შეხვედრების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საუბარი მოლოდინების შესახებ იყო, თუ რას ელოდება ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 15 დეკემბერს უნდა შედგეს.
"ეს შეხვედრა, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტთან ასოცირებული სამეულის ფორმატში, იყო ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების შესახებ გვქონოდა საუბარი, რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ის, რომ იყოს შესაბამისად ასახული ჩვენი ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ის, რომ მხარდაჭერილი იყოს მთავარი ფუნდამენტური პრინციპი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროკავშირთან შემდგომი უახლოეს პერსპექტივის ურთიერთობების და ის ხუთი საფლაგმანო პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანა და კონკრეტული შედეგების მიღწევა," - ამბობს დავით ზალკალიანი.
მანამდე გაიმართა მოლაპარაკება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. ასოცირებული ტრიოს პრემიერ მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავით სასოლის უნდა შეხვდნენ.
15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია. ასოცირებული ტრიოს პრემიერ მინისტრებს მოლოდინი აქვთ, რომ დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული არჩევანი და მისწრაფება. ასევე ის, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.