საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ისევ დავის საგანია. უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ამოიღოს ჩანაწერი -"მომდევნო არჩევნები" ანუ, როგორც "ქართული ოცნების" თავჯდომარე განმარტავს, როგორც ბარიერის, ასევე პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილება 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს და ის არ უნდა შეეხოს რიგგარეშე არჩევნებს. მისივე თქმით, ამ ცვლილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან 5 პროცენტიანი ბარიერი დემოკრატიული სტანდარტია. ირაკლი კობახიძე ასევე თქვა, რომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქმედებაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის საჩუქარი ოპოზიციისთვის, რაც უმრავლესობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
განცხადებას ოპოზიცია უკვე გამოეხმაურა, პარტიების ნაწილი თვლის, რომ თუ ბარიერი არ შემცირდა, პარლამენტში სულ ორი პარტია იქნება. ნაწილი კი შეთანხმების დარღვევაზე აკეთებს აქცენტს.
"ადგილი აქვს მორიგ მცდელობას, გადაახიოს საზოგადოებას და პარლამენტს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ დამატებითი პირობაა "ქართული ოცნების" მხრიდან ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ამას წინააღმდეგობა უნდა შეხვდეს," - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თუ "ქართულ ოცნებას" მართლაც სურს დეესკალაცია და საკონსტიტუციო ცვლილება, ის არსებული რედაქციით, შეთანხმებული ფორმით უნდა გაიტანოს კენჭისყრაზე,
""ქართული ოცნება" ფიქრობს და უშვებს, რომ შესაძლებელია იყოს რიგგარეშე არჩევნები და ასეთ შემთხვევაში მას სურს, რომ იყოს არსებული სისტემა 120/30-ზე, რაც მათ მიცემს უპირატესობას. თუ "ქართულ ოცნებას" მართლაც სურს დეესკალაცია და საკონსტიტუციო ცვლილება, არსებული რედაქციით, შეთანხმებული ფორმით უნდა გამოიტანოს ის კენჭისყრაზე, თუ რაიმე ტიპის ცვლილება ხედავს ამ ინიციატივაში, აუცილებელია წინასწარი შეხვედრა და შეთანხმება," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მმართველ პარტიას სიტყვის გატეხაში ადანაშაულებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი:
"ერთია, რომ სიტყვის გატეხა წესად მკვიდრდება "ქართული ოცნების" მხრიდან ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ძალიან ცუდი და მეორეს მხრივ, ჩვენ ერთი მოსმენით გვაქვს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული, სადაც წერია 2%-იანი ბარიერი. ეს დაბალი ბარიერი და ის, რომ ეს ყველა არჩევნებზე გავრცელდეს, საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და ეს პოლარიზაცია შემცირდეს. მაღალი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ სულ 2 პარტია იქნება ხოლმე და მივიღებთ იმ ბასტი-ბუბუს, ზიზღის პინგ-პონგს, რაც გვაქვს ახლა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტში "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებით "ქართულ ოცნებას" უნდა რომ კანონპროექტის ჩავარდნა "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს
"როდესაც პირველი მოსმენით ვღებულობდით ამ კანონს, მაშინ ჩვენმა კოლეგებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" თქვეს, რომ თუ ეს არ გავრცელდებოდა ყველა შემდეგ არჩევნებზე, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" დათმო და ამას ისე ვუყარეთ კენჭი, როგორც ვუყარეთ. მაგრამ ახლა როგორც ჩანს "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ცვლილებების ჩავარდა "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, სექტემბერში პარლამენტმა ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა.
მოქმედი კონსტიტუციით კი, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. მანამდე ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში კი ის 120/30 სისტემით 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, იქ ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს.