16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
არავითარი აუცილებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, მიღების შემთხვევაში, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ეს ეხება როგორც საარჩევნო ბარიერს, ასევე პროპორციულ სისტემასაც:

"ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა არ გრძელდება. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებაზე. დღეს ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ის ბარიერი, რომელიც მოქმედებს დღეს და რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, უფრო სწორად, არის სრულიად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია, თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდება თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ამას, ალბათ, გაიზიარებს მთელი უმრავლესობა - მომდევნო არჩევნების შესახებ ჩანაწერი უნდა იქნეს ამოღებული. ცალსახად, თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილიც აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ცვლილებები "ქართული ოცნების" კეთილი ნებაა და არა ვალდებულება, რადგან არსებული კონსტიტუციაც აკმაყოფილებს სტანდარტებს. პაპუაშვილი ასევე ამბობს იმასაც, რომ ოპოზიციას ეს ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებისთვის უნდა, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყობს ხელს.

"საკონსტიტუციო ცვლილება არ წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას, ვინაიდან დღეს არსებული კონსტიტუციური მოწესრიგება სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერ საერთაშორისო სტანდარტს, ამიტომ ეს ვალდებულება არაა, არის მხოლოდ კეთილი ნება. ისინი ერთის მხრივ საუბრობენ თითქოს დეპოლარიზაციაზე და თანამშრომლობაზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და იმავე აბზაცში, შემდეგ წინადადებაში ამბობენ, რომ როგორც კი ეს ცვლილებები მიღებული იქნება, იმავე მომენტში მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, რაც ყველა ვხვდებით, რომ არის პოლარიზაციის, არეულობის და ქვეყნის ჯანჯღარის ერთ-ერთი ინსტრუმენტი,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სექტემბერში პარლამენტმა ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა. 

მოქმედი კონსტიტუციით კი, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. მანამდე ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში კი ის120/30 სისტემით 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, იქ ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები