20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
50 ათასი დოლარი ბავშვების სანაცვლოდ, დავა მეურვეობისთვის თუ ტრეფიკინგის საფრთხე - მამიდა დედას ბავშვების გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს

50 ათასი დოლარი მცირეწლოვანი ბავშვების სანაცვლოდ. დავა მეურვეობისთვის თუ ტრეფიკინგის საფრთხე? - ორი წლის ტყუპების გამზრდელი მამიდა ბელა ანდრიაშვილი "კურიერს" უყვება, რომ დედა ბავშვების უცხოეთში გადაყვანას და მათ გაყიდვას გეგმავს.

დღეს "კურიერმა" ამ საქმის ყველა მხარეს მოუსმინა და შეეცადა გაერკვია, ვის ეკუთვნის რეალურად ბავშვებზე მეურვეობა. ახლა საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას.

ბელა ანდრიაშვილი ამბობს, რომ ბავშვები დედამ დაბადებიდან რამდენიმე დღეში მიატოვა და წელწადნახევრის განმავლობაში არ გამოჩენილი. მამა მძიმე სენს მანამდე ემსხვერპლა, სანამ ჩვილებს სამშობიაროდან გამოიყვანდნენ.

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა დედას დროის ნებისმიერ მონაკვეთში ბავშვების ნახვის უფლება მიანიჭა. მამიდა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ნეშან ისმაილოვა ბოროტად იყენებს, ფსიქოლოგიურად ძალადობს მცირეწლოვნებზე და ცდილობს მათზე მუდმივი მეურვეობის მოპოვებას, თუმცა გამზრდელი მამიდის ოჯახი ტყუპების დათმობას არ აპირებს და აცხადებს, რომ ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდებიან.

ნეშან ისმაილოვა ბავშვების სახლიდან გაყვანას ყოველდღიურად მოსამართლის დადგენილებით და პოლიციის თანხლებით ცდილობს. "კურიერი" დაინტერესდა, მართლაც მიატოვა თუ არა მან თავის დროზე მცირეწლოვანი შვილები და რატომ არ ნახულობდა მათ წელიწადნახევრის განმავლობაში. ნეშან ისმაილოვა ამბობს, რომ კოვიდშეზღუდვების გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე შვილების წასაყვანად დაბრუნდა. ისმაილოვა მცირეწლოვნების შესაძლო გაყიდვას კატეგორიულად უარყოფს და არც იმას ადასტურებს, რომ ბავშვების მამიდას ტყუპების სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოსთხოვა. 

ისმაილოვას ადვოკატი ამბობს, რომ დედას ბავშვებზე მეურვეობის სრული უფლება აქვს. ალექსანდრე კობაიძე ირწმუნება, რომ მცირეწლოვნებთან დაკავშირებით ნეშან ისმაილოვას დანაშაულებრივი განზრახვა არ ამოძრავებს. საპირისპიროს ამტკიცებს ანდრიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი. თამარ ქუთათელაძე აქცენტს საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე აკეთებს.

მეურვეობისთვის დავა გრძელდება. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური სამსახური. ყოველდღიურ რეჟიმში არსებული დაპირისპირება, უკვე აისახა ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, რის გამოც სავარაუდოდ საქმეში ფსიქოლოგების ჩართვაც გახდება საჭირო.

დღის ამბები