ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის გადაწყვეტილება, რომლითაც კორონავირუსგადატანილ ყველა ადამიანს "მწვანე სტატუსი" მიენიჭა, შესაძლოა, გადაიხედოს.
მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობა ახალი შტამებიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს.
"გადატანის სტატუსი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს უვადოდ და რამდენად უნდა ჰქონდეს პირს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაითვალოს ეპიდუსაფრთხოდ, გახდა პირველივე დღიდან დავის საგანი ექსპერტების ჯგუფში. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ამ სახით მივიღეთ, თუმცა, იმ ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ახალი შტამების გამოჩენას, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შეიძლება დაუბრუნდეს ისევ განხილვას და მივიღოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა. ვისაც "მწვანე სტატუსი" არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში. ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც ხდება ადამიანების შემოწმება - აქვთ თუ არა მათ "მწვანე სტატუსი".
იმისათვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს "მწვანე სტატუსი", უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული; ან ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსი; ან გაკეთებული ჰქონდეს PCR ტესტი (72 საათიანი ვალიდურობის) ან ანტიგენის სწრაფი ტესტი (24 საათიანი) ვალიდურობის.