ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 8 დეკემბერს "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გამოკითხვით განახლდება. მომდევნო სხდომაზე სალიას გვარამია და მისი ინტერესების დამცველები გამოკითხავენ, დღევანდელ სხდომაზე კი "რუსთავი 2-ის" დირექტორმა პროკურორების შეკითხვებს უპასუხა.
პაატა სალიამ განმარტა ის ფაქტობრივი გარემოებებიც, რის გამოც 2019 წელს პროკურატურას განცხადებით მიმართა "რუსთავი 2-ის" ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
სალიას განცხადებით, "რუსთავი 2-ში" მისვლის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გვარამიას დირექტორობის პერიოდში შემოსავლები მცირდებოდა, ხოლო ხარჯები იზრდებოდა.
გამოძიება "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.
"დაახლოებით ერთი კვირის თავზე, როცა მივედი "რუსთავი 2-ში" როგორც გენერალური დირექტორი, მოგეხსენებათ, მაშინ არ მომხდარა როგორც ხდება ხოლმე ერთი დირექტორის მიერ, მეორე დირექტორზე უფლებამოსილების გადაცემა. პირველი რაც ვნახეთ, იყო 2015 წლის იმ პერიოდიდან, რაც ჩვენ დავა დავიწყეთ, შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება, ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა და გადასახადების გადაუხდელობა ბიუჯეტში. ვინაიდან, ჩემზე არ მოხდა დოკუმენტაციის გადმობარება, ამისათვის მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ნიშნები და მივმართე პროკურატურას,“ - ამბობს პაატა სალია.
განცხადება გააკეთა ”რუსთავი 2"-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც.
"დღეს დაიკითხა ბატონი სალია, ოღონდ დაიკითხა მხოლოდ პროკურორების მიერ, რადგან ჩვენთან კოვიდი აქვს ერთ-ერთ ადვოკატს და გადაიდო დაცვის მხარის მიერ მისი დაკითხვა. რომ გითხრათ, რომ ბატონმა სალიამ რამე განსაკუთრებული თქვა, არაფერი, პრაქტიკულად არაფერი არ უთქვამს. პროკურატურამ რამდენიმე შეკითხვით დაადასტურებინა ის, რაც აქვს მიცემული ჩვენებაში,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
პროკურორი, ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლება ნამდვილად გაიფლანგა.