საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სისტემაში, მერძევეობის მოდულის დანერგვის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილის თქმით, ნერგავენ საქართველოში მსოფლიო სტანდარტის დონეს.
"დანერგილია უკვე გეოგაპი მემცენარეობის მიმართულებით და ამით ფერმერები სარგებლობენ. დღეს უკვე შემდეგი მორიგი ნაბიჯი იდგმება და ეს არის მეცხოველეობაში. ჩვენ ვნერგავთ საქართველოში მსოფლიო სტანდარტის დონეს, რომ მიკვლევადობა იყოს პროდუქციაში,"- ამბობს გიორგი ხანიშვილი.
"გეოგაპის" სტანდარტის მიზანია მერძევე ფერმერებისთვის პრაქტიკების გაუმჯობესება, ხარისხიანი და უვნებელი რძის წარმოების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების ბაზარზე სტაბილურ წვდომას.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძეს განცხადებით, გეოგაპი ადგილობრივ სტანდარტს დააკმაყოფილებს, ასევე თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სტანდარტთან.
"გეოგაპის სტანდარტის ფარგლებში შევიმუშავეთ მიმართულებები, როგორიც გახლავთ რძის სექტორის განვითარება და ასევე ხილის და ბოსტნეულის სექტორის განვითარება. შესაბამისად ჩართული არიან სხვადასხვა ფერმერები. ისინი, როგორც ადგილობრივ სტანდარტს დააკმაყოფილებენ, ასევე თანხვედრაში იქნებიან საერთაშორისო სტანდარტთან, როგორიც არის გლობალგაპი და ვფიქრობთ, რომ ეს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მათ კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.