20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - მსოფლიო ბაზარზე ხორბალის ფასმა მოიმატა

პურის ფასის საკითხთან დაკავშირებით დღეს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით პურის ბაზარზე ფასების მხრივ გარკვეული სტაბილიზაციაა და ახალ წლამდე პროდუქტზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა. დოლიძე იმედოვნებს, რომ ეს მდგომარეობა გაზაფხულამდე შენარჩუნდება.

"ახალი წლის ჩათვლით პურზე ფასი არ შეიცვლება. იქნება ის ფასი, რაც არის. თუმცა, ხორბლის ფასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მსოფლიო ბაზარზე ხორბალის ფასმა ძალიან მოიმატა. მსოფლიო ბირჟებზე 1 ტონის ფასი 315-320 $-ია. საქართველოს ხორბალი, ტრადიციულად, რუსეთიდან შემოაქვს, ეს უფრო მარტივი და იაფი უჯდება. სიმართლე ვაღიაროთ, მათ ხორბლის ხარისხიც კარგი აქვთ. რუსეთმა ხორბალთან დაკავშირებით საბაჟო ტარიფები გაზარდა. ეს არასასიმოვნოა, რადგან ნედლეულს აძვირებს.

საქართველოსთვის ხორბლის ნედლეული ნიშნავს იმას, რომ ჩვეთან გადამამუშავებელი მრეწველობა, ანუ წისქვილ-ქარხენები და კომბინატები მუშაობენ. ხორბალს შენახვის ვადა 2 წლამდე აქვს. რაც შეეხება ფქვილს, მისი შენახვის ვადა 2-3 თვეა. რუსეთიც ისე იქცევა, რომ ფქვილზე საბაჟო გადასახადი მოხსნა, იყიდეთ ფქვილი და გაიტანეთო. საქართველოში ფქვილის შემოსვლა დაახლოებით 5-6-ჯერ მომატებულია, რამაც პურის მწარმოებლები გარკვეულად იმაში ამოგვასუნთქა, რომ შემოტანილი ფქვილი 5-6 ლარით ნაკლები ღირს, ვიდრე – ჩვენი წისქვილ-ქარხნების მიერ დამზადებული. დღეს 1 ტომარა, 50-კილოგრამიანი 1-ლი ხარისხი ფქვილი 71 ლარი ღირს, რუსული ფქვილი კი 65-66 ლარი. პურის წარმოებები ფასს ჯერჯერობით ვერ შეცვლიან და არც ცვლიან. პურის ბაზარზე ფასების მხრივ გარკვეული სტაბილიზაციაა. ვიმედოვნებ, რომ ეს მდგომარეობა გაზაფხულამდეც შენარჩუნდება.

თუ 1 ტონა ხორბლის ფასი 400 $ გახდება, როგორც რუსეთი ამბობს, ეს საკმაოდ დიდი ფასი იქნება. ჩვენ რომ დავიანგარიშეთ, თუ ასე მოხდება, პურზე ფასი შეიძლება, 10-15 თეთრით გაიზარდოს,"- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ პურის ფასის გაზრდა მოსალოდნელია, იმდენად რამდენადაც ეს ბევრ ისეთ კომპონენტზეა დამოკიდებული, როგორებიცაა ზეთის, მარილისა თუ ფქვილის ფასები. სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული ხორბლის სამყოფი მარაგის მიუხედავად, წლის ბოლოს სუბსიდირების პროგრამა სრულდება, რაც შესაძლოა ფქვილის ფასზე აისახოს.

"პურის ფასი არის 4 კომპონენტიანი. ფქვილის გარდა, ვიცით რომ გაზრდილია ზეთის ფასი, მარილის ფასი და სხვადასხვა. წლის ბოლოს თავდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა. იმ წარმოებებისთვის, რომლებიც პირველადი მოთხოვნის პროდუქციას უშვებენ, წისქვილებიც ამაში შედიოდა და პურის ქარხნებიც, მათ გარკვეულწილად გაძვირებული ელექტროენერგიის ნახევარი დაუსუბსიდირა სახელმწიფომ წლის ბოლომდე, შესაბამისად ეს პროგრამა მთავრდება წლის ბოლოს, აქედან გამომდინარე ეს თავისთავად აისახება ფქვილის ფასზე და თავისთავად ცხადია, მეპურეებსაც აქვთ ეს გამოწვევა," - განაცხადა ლევან სილაგავამ.

დღის ამბები