COVID აცრებზე და გამოკვლევებზე მისულ მოქალაქეებს, დღეს თბილისის მეოთხე სამედიცინო ცენტრი დაკეტილი დახვდათ. კლინიკის დირექტორი და ექიმი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ყალბი კოვიდ პასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დააკავა.
უსაფრთხოების სამსახურმა სამედიცინო დაწესებულების დირექტორს, ლია გოგლიძეს და ექიმ ლიანა სულაძეს ბრალი დღის ბოლოს წარუდგინა. გამოძიება მათ არამხოლოდ ფიქტიურ ვაქცინაციას, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ბაზაში ყალბი მონაცემების ატვირთვასაც ედავება, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს "მწვანე სტატუსი" ენიჭებათ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომხდარი მხოლოდ გაუგებრობაა. ბრალდებული მედიკოსების ახლობლებს იმედი აქვთ, რომ სასამართლოში ყველაფერი გაირკვევა.
გამოძიების ინფორმაციით, ნომერ მე-4 სამედიცინო ცენტრში, COVID დოკუმენტებს მედიკოსები 250 ლარის სანაცვლოდ აყალბებდნენ. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადვოკატებს უკვე გადაეცათ.
ამ დროისთვის, მედიკოსებს ბრალი წარდგენილი აქვთ ყალბი COVID პასპორტის დამზადებისა და სახელმწიფო ბაზაში ატვირთვის ერთ ფაქტზე, თუმცა გამოძიებას ინფორმაცია აქვს სხვა ფაქტების შესახებაც. სუს-ი ყალბი დოკუმენტების მფლობელებს მოუწოდებს, გამოძიებასთან საკუთარი ნებით ითანამშრომლონ. ამ შემთხვევაში მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.