20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
CO-ს გაჟონვის შედეგად დაღუპული დედა-შვილი - ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სავარაუდოდ CO-ს გაჟონვის შედეგად დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალა.

დედა-შვილი ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც "თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, საცხოვრებელ სახლში გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა გაზის მიწოდება უსაფრთხოების მიზნით კვლავ შეწყვეტილია.

მომხდართან დაკავშირებით დღეს  ენერგოომბუდსმენმაც ისაუბრა, ის მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ძალიან სერიოზული დარღვევები არსებობდა შიდა ქსელზე, ფართში იყო განთავსებული სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი, ქსელი იყო აბსოლუტურად იმ დონეზე მოწყობილი, რომ ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა ფაქტობრივად გარდაუვალი იყო და ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. კლავს წამებში, მომხმარებელმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შეიძლება ჟონვაა, ან გაზის სუნია, ვანიავებთ ფართს, ვტოვებთ საცხოვრებელს, ვრეკავთ საავარიო სამსახურში, ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ, არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს და მაშინვე ვიძახებთ სპეციალისტებს," - აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

დღის ამბები