შრომის ინსპექციამ "ხიდი" დალუქა. კლუბი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. უწყების ინფორმაციით, დაწესებულებამ კოვიდ რეგულაციები დაარღვია და აკრძალული გასართობი ღონისძიება გამართა.
"ობიექტს უკვე ჩაბარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაც შეეხება დალუქვას, ბრძანება მიღებულია ამასთან დაკავშირებით და ობიექტს გამოსვლისთვის გონივრული ვადა მიეცა. ამის შემდეგ კი მოხდება მისი დალუქვა. ჩვენ ვმუშაობთ იმ უსაფრთხო პროცედურების შემუშავებაზე, რომელიც "მწვანე პასპორტებთან" ერთად უნდა ჰქონდეს კლუბის წარმომადგენელს, რაც გულისხმობს სავენტილაციო სისტემის გამართულობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი არ დაელოდნენ ამ უსაფრთხო პროცესის შემუშავებას,"- აცხადებს შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია.
კლუბის დატოვებას სტუმრები პირველ ეტაპზე არ აპირებდნენ, მათ ინსპექციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. თუმცა, ამჯერად აცხადებენ, რომ ისინი დატოვებენ კლუბს და სამართლებრივ დავას გააგრძელებენ:
"არ გვეუბნებიან თუ რამდენი ხნით აპირებენ დალუქვას და რა მიზეზით ლუქავენ პირველივე დაჯარიმებიდან. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გავასაჩივროთ და ამაზე განცხადება დავწეროთ. ჩვენ ვხვდებით, რომ ესენი კლუბებს ებრძვიან და ძალას გამოიყენებენ აქ ხალხის მიმართ, რომ გარეთ გაათრიონ. ეს არ გვინდა, ამიტომ სავარაუდოდ გავალთ და სამართლებრივ დავას დავიწყებთ,"- აცხადებს კლუბ ”ხიდის” დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი.