ხორცი, რომელზეც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს არწმუნებდნენ, რომ არ იყიდებოდა, მოგვიანებით მაცივარში სარეალიზაციოდ გამზადებული აღმოჩნდა. ანტისანიტარია, პროდუქტის საჭრელ მაგიდაზე გაშლილი სუფრა და მაცივრის გარეთ, სკამებსა და დახლებზე დაყრილი საკვები - ასეთია ვითარება დედაქალაქის ცენტრალური აგრარული ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"კურიერის" კამერამ გამყიდველთა ნაწილის აგრესიაც გამოიწვია. ხორცპროდუქტების რამდენიმე ობიექტში დარღვევებზე საუბარი არ ისურვეს, ნაწილში კი თავის მართლება სცადეს.
"რუსთავი 2-ის" გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ტერიტორიაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მოვაჭრეებმა ხორცი მაცივრებში გადაიტანეს და დასუფთავება დაიწყეს. თუმცა ანტისანიტარიის გარდა "დეზერტირების" ბაზარში დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორციც აღმოაჩინა და 6 ობიექტი დააჯარიმა. ინსპექტირების შედეგად დაილუქა საკვებად უვარგისი პროდუქტი, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.
როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა უვარგისი ხორცი - ვეტერინარების თქმით, მყიდველი უპირველესად სასაკლაოს ეტიკეტით უნდა დაინტერესდეს და ადგილზევე შეამოწმოს, აქვს თუ არა პროდუქტს რეალიზაციის შესაბამისი ნებართვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედაქალაქის ბაზრების მიმდებარე ტერიტორიებიდან გაურკვეველი წარმომავლობის, უვარგისი პროდუქტის ამოღება ხდება. წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2058 ობიექტში 342 სამართალდარღვევა აღმოაჩინა.