20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების გაგრძელება იხილონ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა. ელჩი ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სურთ, იხილონ რეფორმების გაგრძელება. 

"იმ რეფორმების გაგრძელება, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ბოლო 20 წლის განმავლობაში, არის პროცესის ნორმალური ნაწილი. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ეს გაგრძელდება, რადგან ყველამ იცის, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა მიმართა რეკომენდაციებისთვის საერთაშორისო ექსპერტებს, როგორიცაა ვენეციის კომისია, ოდირი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები. პარლამენტმა მიმართა რეკომენდაციებისთვის და ახლა რეკომენდაციები მრავალ საკითხში უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, რამდენჯერმე შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები საქართველოს საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს.

ვფიქრობ, რომ ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა ეს პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას და კონსტრუქციულად მუშაობას ამ რეფორმების შესასრულებლად, კანონმდებლობის დასამტკიცებლად და იმის შესანარჩუნებლად, რომ საქართველო წინ წავიდეს იმ გზაზე, რომლის სურვილიც გამოთქვა ქართველების უმრავლესობამ და ეს არის ქვეყნების ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია როგორც ძლიერი, სუვერენული ქვეყნის მდიდარი ისტორიით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი წვლილი შეიტანოს. საქართველოს ბევრი რამით შეუძლია წვლილის შეტანა, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, საქართველოსთვის ერების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არის ბუნებრივი წინსვლა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ მხრივ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ,"- განაცხადა კელი დეგნანმა. 

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ შეახსენონ.

დღის ამბები