მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 269 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.
"ომიკრონის" შემთხვევების ზრდის პარალელურად სახელმწიფოები აცრის საჭიროების აუცილებლობას ახლა კიდევ უფრო აქტიურად განიხილავენ. ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ აფრიკაში Pfizer-ის მესამე დოზით აცრის ნებართვა მარეგულირებელმა უკვე გასცა. ქვეყნის ხელისუფლება სავალდებულო ვაქცინაციის საკითხის განხილვას გეგმავს.
5-დან 11 წლამდე მოზარდებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ სინგაპურში. მიზეზი ბავშვებში ინფიცირების მზარდი შემთხვევებია. არასრულწლოვნებს Pfizer-ზე წვდომა მომდევნო წლის დასაწყისიდან ექნებათ.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სამართალდამცველებისა და სკოლაში მომუშავე პერსონალისთვის აცრა სავალდებულო ხდება იტალიაში. გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-პასპორტები მოქმედებს, დახურულ სივრცეებში კი პირბადის ტარება სავალდებულოა.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის აცრა სავალდებულო ხდება ჩეხეთში. გარდა აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისა აცრა სავალდებულო იქნება ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ჩეხეთი ყოველ 1000 ადამიანზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებს.
სამოგზაურო შეზღუდვებს 10 დღით ახანგრძლივებს ისრაელი. ახლა უკვე 22 დეკემბრამდე ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ. ქვეყანაში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეები ვალდებული არიან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.