20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას საყოველთაო შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შერიგება ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს. 

"კორონას კაცობრიობა და მათ შორის, ქართველები კი ადვილად დავამარცხებთ, მაგრამ რა ჭირიც შიგა გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს: რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ, ცოტა მძიმედ ვიტყვი: ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ - ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებს და აქ მცხოვრებ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის. 

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ, დღესასწაული იყო მაშინაც, ვთქვი შერიგებაზე. ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე, ვიცი, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება ხოლმე დრო, "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო". შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ დღეს, მთავარია, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა. მე გამიხარდა ცალკეული პარტიების, თუნდაც პრეზიდენტის გამოხმაურება - თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ, იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით.

ვიღაცებს უნდა თავზე რაღაცა მოახვიოს, მასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები იქნებიან თუ რა იქნებიან, უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები თუ დანაშაულებები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ იმით, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ. 

იმედით ვარ აღსავსე იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში, ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. მე ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი გვითხრან. სჯობია ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და, რაც მთავარია, უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს. იცით მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია, ჩუმად ვარ იმიტომ, რომ არ მინდა ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი დღეს ან მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე, იმიტომ, რომ მე ვხედავ, რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა, დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი.

წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა: ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის, დავჭამოთ ერთმანეთი, ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ. რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია, მსხვერპლი გვექნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ ომში. 

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს, თორემ შეიძლება ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ,"-აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი.

დღის ამბები