ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ომიკრონ" შტამზე აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა ახალი შტამი არ დადასტურდა.
"ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და სეკვენირების გზით დავადგინოთ, თუ გვაქვს საქმე "ომიკრონის" შტამთან. ჯერჯერობით, "ომიკრონის" შემთხვევა დადასტურებული არ არის. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა.
მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ დაიწყო, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, გაბუნიამ საწოლების მობილიზების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით, კოვიდპაციენტების მისაღებად საწოლების საკმარისი რაოდენობაა.
"რაც შეეხება საქართველოში სისტემის მზაობას, საწოლფონდი მობილიზებულია. დღეს 2 500 საწოლია თავისუფალი. რა თქმა უნდა, რთული იქნება დიდი ნაკადების გამკლავება, რაც ჯანდაცვის სისტემამ, ადრეც არაერთხელ გააკეთა," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს.