20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს - "ჩემი ოჯახი აივანზეც კი არ გადის..."

პიროტექნიკა, მისი გამოყენება და შესაძლო საფრთხეები - გუგა ქაშიბაძე საახალწლო ფეიერვერკის გამოყენებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი "რუსთავი2-თან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პიროტექნიკა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, მისი გამოყენების შემთხვევაში კი საჭიროა ინსტრუქციის დაზუსტებით შესრულება.

ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა, რადგან თავიდან აიცილონ სხეულის სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანება, თუმცა თუკი მაინც დადგებიან სადღესასწაულო "ცდუნების" წინაშე, შესაძლო ზიანის დროული პრევენციისთვის გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას ურჩევს დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, რათა მკურნალობა არ დაგვიანდეს და არ მოხდეს ჭრილობის დაინფიცირება, გართულება.

"2021 წლის მონაცემებით პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დამწვრობის ცენტრში 300-მდე ბავშვს ჩაუტარდა მკურნალობა, აქედან 30 პაციენტს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა, ხოლო 25 პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა - ეს არის მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკა, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია ხოლმე პიროტექნიკით დაზიანებული მოზარდების რიცხვი, ვინაიდან მხოლოდ დამწვრობასთან არ გვაქვს საქმე. შემთხვევები ეხება თვალის დაზიანებას, ნაკვეთ ჭრილობას თითების ამპუტაცია და ასე ა.შ. ზოგადი სტატისტიკა გაცილებით უფრო მასშტაბურია.

მოსახლეობას ვურჩევ დამწვრობის მიღების შემთხვევაში გამოიყენონ გამდინარე ცივი წყალი, გამოიყენონ ანტიბაქტერიული მალამო და დამწვრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი მაზი. ასევე გამოიყენონ სტერილური სახვევი.

ზოგადად მომხრე ვარ, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე აკრძალულია მათი გამოყენება. ჩვენთან არასრულწლოვნებზე გაყიდვა არის აკრძალული რითაც პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან ხშირად მშობლებს თავისი ხელით მიაქვთ საჩუქრად ბავშვებისთვის, ეს არ არის საჩუქარი, და არ არის სათამაშო, რაც არ უნდა ლამაზ შეფუთვაში იყოს. ერთი შეხედვით უსაფრთხო პიროტექნიკა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში სავალალო შედეგებს იძლევა. ყოველგვარი მაშხალების აფეთქების გარეშეც დადგება ახალი წელი ეს არ არის ის ტრადიციაა, რომელიც უნდა განვამტკიცოთ და განვავრცოთ. მესმის, რომ დღესასწაულთან ასოცირდება - სროლა და ხმაური, მაგრამ ეს ტრადიცია თუნდაც ერთი მოკვეთილი თითის სანაცვლოდაც არ ღირს.

ასე, რომ ერთმანეთს მიულოცონ გოზინაყით და ჩურჩხელით, უფრო უსაფრთხოდ. ჩემი ოჯახი აივანზეც კი არ გადის ახალ წელს ვინაიდან ეს არ არის უსაფრთხო,"- ამბობს გუგა ქაშიბაძე. 

 

 

დღის ამბები