საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა, რომლის მისია ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაცისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება.
7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ Horizon Europe არის უპრეცედენტო მაშტაბის პროექტი.რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა ქართველ მეცნიერს თუ მკვლევარს ექნება.
"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირთან და ჩვენი მეცნიერები და მკვლევარები ისარგებლებენ ზუსტად იგივე პირობებით რაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მეცნიერებს და მკვლევარებს. ეს რა საკვირველია გაცილებით დიდ ასპარეზს ქმნის ჩვენი მეცნიერებისთვის, რადგან Horizon Europe გახლავთ უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობის საგრანტო პროგრამა, ეს არის 95 500 ევრო ჩვენს მეცნიერებს, ინოვატორებს აქვთ უკვე შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.