კრიმინალური გარჩევის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივლისში დააპატიმრა, თუმცა ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე დაკავებული 25 პირიდან ხუთი, მოსამართლემ ორი დღის წინ, სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლა. წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა ორ კრიმინალურ "ავტორიტეტს“ მიხეილ ფოფხაძეს და ლევან ვაშაკიძეს.
"კურიერმა" საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც მოსამართლის მიერ გათავისუფლებული კრიმინალური ავტორიტეტების საუბარია ასახული.
სარდაფი, სადაც ქურდული გარჩევები მიმდინარეობდა, კრიმინალური ავტორიტეტის მეტსახელად "ყასაბიჩის" საკუთრებაა. საქმეში უცხოეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ფიგურირებენ, მათ შორის საუბარია კახა შუშანაშვილზე, რომელიც ამჟამად სასჯელს საფრანგეთში, მარსელის ციხეში იხდის.
რატომ გაუღო მოსამართლემ ციხის კარი რუსთავში ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს? რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა გადაწყვეტილების საჯაროდ დასაბუთება არ ისურვა, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იგივე მოსამართლემ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2019 წელს დაკავებულები ასევე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების და სხვა მტკიცებულებების მიუხედავად, ადვოკატები უარყოფენ ბრალდებულთა კავშირს უცხოეთში მყოფ გავლენიან კანონიერ ქურდებთან.