20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ინტერნეტ მეკობრეები ქართული კინოს წინააღმდეგ - 43 000-ზე მეტი კინოდარბაზის ასოციაცია კომუნიკაციების კომისიას გამაფრთხილებელ წერილს უგზავნის

წლის საუკეთესო კინოსურათი, რომელიც "ოსკარზე" საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი, ინტერნეტ სივრცეში პრემიერამდე გამოჩნდა. ფილმის რეჟისორთან და მის დისტრიბუტორ კომპანიასთან შეუთანხმებლად "მეოთხე ბრაიტონის" საიტებზე გავრცელება, საავტორო უფლებების დარღვევასთან ერთად, სხვა პრობლემასაც ქმნის. მათ შორის მაყურებლის დაკარგვა და ფილმის საფესტივალო მომავალის საფრთხეცაა.

ფაქტი, რომ უკვე წლებია ქართული ინტერნეტ საიტები, ფილმების უკანონო გავრცელებას არ ერიდებიან, შესამჩნევი გახდა ევროპული კონოთეატრების გაერთიანებისთვისაც.

საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ევროპის წამყვან კინემატოგრაფულ ასოციაციებსა და 43 ათასზე მეტ კინოდარბაზს აერთიანებს, კომუნიკაციების კომისიას ერთგვარი გაფრთხილებით მიმართა. წერილში, რომელიც 7 დეკემბრით თარიღდება, საუბარია გარკვეულ მოქმედებებზე, რომ საქართველოში კინო-მეკობრეობა საბოლოოდ აღიკვეთოს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი ინტერნეტ მეკობრეობა, ქვეყნის რეპუტაციასთან ერთად, საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებასაც აფერხებს. ფილმების არალეგალურად განთავსება ხელს უშლის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ამ სფეროს სპეციალისტების დასაქმებას.

მოთხოვნა რამდენიმე ქართულ საიტს შეეხება. ვებ-გვერდებს, სადაც ფილმები და სერიალებია განთავსებული და რომელთა მომხმარებელიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობაა. "აჭარანეთისა" და "აიმუვის" ხელმძღვანელობა კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. წერილის მთავარი ადრესატი, ქვეყნის კომუნიკაციების კომისია კი, რომლისგანაც ევროპული კინოთეატრების გაერთიანება კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ელოდება, "კურიერის" კითხვებს წერილობითი ფორმით პასუხობს.

"კომუნიკაციების კომისია ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ინტერნეტმომსახურების მომწოდებელ კომპანიებს, პერიოდულად აწვდის იმ ვებგვერდების ჩამონათვალს, სადაც არალეგალური კონტენტია განთავსებული და ინტერნეტპროვაიდერებს შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს და ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირებას ახდენს. ამასთან არალეგალური კონტენტის გამავრცელებელ კომპანიებთან რამდენჯერმე შედგა სამუშაო შეხვედრა. კომისიამ ამ კომპანიებს მისცა რამდენიმეთვიანი ვადა იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ვებ გვერდების არალეგალური კონტენტიოსგან გასუფთავება. ამ მიმართულებით ახლაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი,"- აღნიშნულია წერილში. 

მსგავსი შინაარსის წერილი, ამერიკიდან გამოიგზავნა 2 წლის წინაც. წამყვანი ამერიკული კინოსტუდიების ადრესატი, მაშინ კომუნიკაციების კომიასათან ერთად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი და საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია იყვნენ. 2019 წლის 4 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში ეწერა, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროებენ სხვადასხვა ფილმებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მაშინ ჰოლივუდის კინოსტუდიების მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესების მოთხოვნაზეც იყო საუბარი.

დღის ამბები