ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დეტალებზე ერთ-ერთი ადგილობრივი საუბრობს. მისი თქმით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მხოლოდ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
"მობინადრე რომ შესულა, შუქი აუნთია. იყო აფეთქება, ეტყობა გაზის გაჟონვა იყო. მთელი ოთახნახევრიანი სულ დანგრეულია. ისეთი ძლიერი რყევა ჰქონდა კორპუსს, რომ მიწისძვრა გვეგონა. დაშავებული, ვინც შევიდა, შიშისგან გამოვარდნილა უკან, დამწვრობები მიუღია. რამდენიმემ ბოლის ჩასუნთქვით მიიღო რაღაცა დაზიანება სასუნთქ ორგანოებზე და წაიყვანეს ისინიც საავადმყოფოში.
მერიიდან და გამგეობიდან მალევე მოვიდნენ, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს. სასტუმროც კი შემოგვთავაზეს უსაფრთხოების მიზნით. ნაწილი დასთანხმდა, ნაწილი არა. ლაბორატორიიდან იყვნენ, ნაწილი შეისწავლეს, ნაწილს ალბათ დღეს შეისწავლიან. ახლა უშუქოდ და უგაზოდ ვართ. ალბათ დიდი ხანი არ გვექნება, სანამ ეს ყველაფერი არ აღდგება," - განაცხადა ადგილობრივმა ლეილა ტეფნაძემ.
შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.
დაშავებულია 4 ადამიანი. კორპუსის მაცხოვრებლები კი დროებით ევაკუირებულები არიან.