ვაზისუბნის დასახლებაში ძლიერი აფეთქების ხმა გუშინ ღამით - 21:20 საათზე გაისმა, 9-სართულიანი კორპუსი ადგილობრივებისგან რამდენიმე წუთში დაიცალა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, ორი სართულის ფანჯრები და ოთახები სრულად დაზიანებული დახვდათ, დაზიანდა აგრეთვე ეზოში მდგარი ავტომობილებიც.
აფეთქების შედეგად სხეულის დამწვრობა 4-მა პირმა მიიღო, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიან.
20-მდე ოჯახი გუშინვე გამგეობის წარმომადგენლებმა დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს, აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავიდანვე ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა, ადგილზე თბილის ენერჯის წარმომადგენლები მივიდნენ. თვითმხილველები ამბობენ რომ აფეთქება მაშინ მოხდა როდესაც პირველ სართულზე მცხოვრები მამაკაცი სახლში შევიდა და შუქი აანთო.
კვაჭანტირაძის ქუჩაზე მივიდნენ სპეციალისტებიც, ისინი ამ დრომდე შენობის მდგრადობას სწავლობენ, ოჯახები ბინებში მანამდე ვერ შევლენ ვიდრე ექსპერტების დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად უსაფრთხოა, ცნობილი არ გახდება.
9 სართულიანი კორპუსი პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია, ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და ტერიტორიას ნანგრევებისგან წმენდენ.