ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად იზრდება მოსახლეობის ინტერესი, რამდენი ლარი შეიძლება დაჯდეს ახალი წლის სუფრა და როგორ იმოქმედა პანდემიამ ფასების ცვლილებაზე.
როგორც წესი, ამ პერიოდში აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, კოვიდპანდემიამ და შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ, რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა.
მათივე თქმით, წინა წელთან შედარებით მოსახლეობა 2022 წელს გაცილებით მაღალი ფასებით და მცირე ბიუჯეტით ხვდება. საშუალოდ საახალწლო სუფრის ღირებულებას კი 500-600 ლარს ანგარიშობენ.
როგორია საახალწლო სუფრის მთავარი და თითქმის უცვლელი კერძების - საცივისა და გოზინაყის ინგრედიენტების ღირებულება"
ახალი წლის სადღესასწაულო სუფრის მთავარი კერძის, საცივის მოსამზადებლად 1 კილოგრამი ინდაურის ხორცის შეძენა 20-25 ლარად არის შესაძლებელი.
გოჭის ფასი კი საშუალოდ 180-200 ლარია. შარშანდელ ფასს თუ შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ გოჭის ფასი წელს არ გაზრდილა.
საახალწლოდ 1 კილოგრამ საქონლის ხორცს 18-20 ლარად შეიძენთ. ქათამი კი, საშუალოდ 9 ლარი ღირს.
ნიგოზი, რომელსაც საახალწლო სუფრაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია და დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ნუგბარის, გოზინაყის მოსამზადებლად გვჭირდება, ბაზარში 30 ლარი ღირს.
რაც შეეხება თაფლს, ცაცხვის და ალპური მინდვრის ყვავილების თაფლი, ლიტრიანი ქილა ანუ კილონახევრამდე თაფლი 30 ლარი ღირს.
ხოლო თუ თქვენ თევზის მოყვარული ხართ, ამ შემთხვევაში ფასები თევზის სახეობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება საახალწლო სუფრისთვის ფაქტობრივად აუცილებელ, სეზონურ ხილს - მანდარინის ფასი 2-დან 5 ლარამდე მერყეობს, გააჩნია სად იყიდით, თქვენი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარე მაღაზიაში შესაძლოა უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე მაგალითად ცენტრალურ ბაზარში.
ეს რაც შეეხება ახალი წლის სუფრისთვის აუცილებელ ტრადიციულ პროდუქტებს, თუმცა რას დაამატებთ ამ სუფრას და სხვა კონკრეტული პროდუქტები რა დაგიჯდებათ, საბოლოოდ გემოვნებასა და თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული.