04 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
33 საათი გაუჩინარებიდან - რა ვერსიები ვრცელდება ეკონომიკის ექსპერტის რამაზ გერლიანის დაკარგვის შესახებ

ეკონომიკის ექსპერტის რამაზ გერლიანის ძებნა, რომელიც უკვე 33 საათია გაუჩინარებულია, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

პოლიციის განყოფილების ავტოსადგურზე, არაერთი სათვალთვალო კამერის ხედვის არეალში რამაზ გერლიანმა - ღია მანქანა, მანქანაში კი წერილი დატოვა. მოკლე მიმართვაში პოლიციელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებდა, დაინტერესებულიყვნენ ამბით, რომელზეც ეჭვი თავად ჰქონდა - უსმენდნენ თუ არა სპეციალური მოწყობილობებით, მანქანაში, სახლში თუ სამუშაო სივრცეში. 

ამის შემდეგ გუშინ დილიდან გერლიანის კვალი ქრება. ის არც ოჯახის წევრებს და არც ახლობლებს არ უნახავთ.

ვიდრე მანქანას და წერილს პოლიციის შენობასთან დატოვებდა, იყო ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში.

არაერთი მინიშნება და ბრალდებაა მათ შორის პოლიციის თანამშრომლის, გიორგი გოგნიაშვილის მიმართ, რომელსაც შეურაცხყოფასა და შანტაჟში ადანაშაულებდა.

ამავე პოსტში რამაზ გერლიანი განმარტავს, რომ თვეზე მეტი ხნის წინ, 14 ნოემბერს მიმართა პოლიციას და მისი შანტაჟისა და შევიწროების ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

აქვე, თანდართული აქვს რამდენიმე ფაილი იმის დასადასტურებლად, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არ დამდგარა. მათ შორის არის გამომძიებლების მიერ შედგენილი ოქმები. ერთ-ერთში ვკითხულობთ, რომ გერლიანის ყოფილი მეუღლე პოლიციელის მის საცხოვრებელ სახლში შესვლის ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ გიორგი გოგნიაშვილი იქ მისი ნებართვის გარეშე არ ყოფილა.

ყოფილი მეუღლე, ასევე გერლიანის ოჯახის სხვა წევრები და მეგობრები ვისთანაც ბოლოს კონტაქტი ჰქონდა მთელი დღეა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს უშუალოდ იმ პოლიციელის გამოკითხვა, რომლის მიმართაც რამაზ გერლიანი ბრალდებებს საჯაროდ გამოთქვამდა. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი გოგნიაშვილის გამოკითხვა დღესვე უნდა მოხდეს.

ასევე ჩხრეკა მიმდინარეობს მის სამუშაო სივრცეში, "ეკონომიკის რეკონსტრუქციის ცენტრის ოფისში". პოლიციამ, დიდი ალბათობით, უკვე დაათვალიერა განყოფილებასთან განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დაწყებულია ძებნა. სად იმყოფება და რა მდგომარეობაშია რამაზ გერლიანი - ამ კითხვაზე მის ახლობლებს უკვე მეორე დღეა პასუხი არ აქვთ.

დღის ამბები