სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში მოხდა ვებ-გვერდის სრული ადაპტირება უსინათლო და მცირე მხედველი პირებისთვის. ასევე სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ჟესტების ენის საშუალებით ითარგმნა მეთოდოლოგიური და თემატური ვიდეო რგოლები.
საქსტატის ვებ-გვერდის მიზანია უზრუნველყოს როგორც თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მეტი ჩართულობა სოციალურ აქტივობაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგა თორდაძე ამბობს, რომ შშმ პირებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თანაბარ უფლებიან გარემოში ცხოვრებას განაპირობებს.
"შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ოფიციალურ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობა განაპირობებს მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ აძლევს მეტ შესაძლებლობას მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური თუ ბიზნეს გადაწყვეტილებები,“- განაცხადა გოგა თორდაძემ
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ყველა შეზღუდული შესაძლებლობის პირს შეეძლება ამ ვებგვერდის საშუალებით სასურველი ინფორმაციის მოძიება.