თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სააბონიმენტო, ულიმიტო სისტემა 1-ლი თებერვლიდან დაინერგება და შევა ძალაში, თუმცა საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება აღნიშნული აბონემენტი 5 იანვრიდან შეიძინონ. აბონემენტები მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში გაიყიდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გადახდის ეს სისტემა მოსახლეობის მგზავრობას უფრო კომფორტულს და იაფს გახდის.
"იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად, შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით (მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით) სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას, დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში. ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო ერთდღიანი ბარათი, რომელიც 3 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ 3 ლარად იმგზავროს. ამასთან, შემოგვაქვს ულიმიტო 1 კვირიანი ბარათი, რომელიც 20 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;
ულიმიტო, 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება. ეს, ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი, თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ;
ასევე გვაქვს ულიმიტო, 3-თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის;
6-თვიანი ბარათის ღირებულება 150 ლარი იქნება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;
1-წლიანი ულიმიტო ბარათის ღირებულება იქნება 250 ლარი მის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა,"- განმარტა კახა კალაძემ.