20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
წლების განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ, წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას - ნინო ლომჯარია  

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველის დოკუმენტი მოიცავს 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ არსებული ვითარების შედეგებს.

ომბუდსმენის თქმით, დღეს ვითარება პანსიონში უკეთესია, შეიცვალა კვების მენიუ და მოხდა მათი ჯანმრთელობის შეფასება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ამისა არსებული ვითარება მაინც არ შეესაბამება ბავშვთა ინტერესებს და სტანდარტებს.

"წლების განმავლობაში პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას. არ ყოფილა დაცული ბავშვების ჯანმრთელობის უფლება, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ბავშვებს არ ჰქონიათ სათანადო კვება. მიუხედავად პოზიტიური გარკვეული ცვლილებებისა, ის გარემო, სადაც ამ ბავშვებმა ან მათმა თანატოლებმა განიცადეს ღირსების შემლახავი დამამცირებელი, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს,“- აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე ამბობს, რომ გამოძიების მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ იქ ვლინდებოდა არაერთი სხვა სისხლის სამართლის დანაშაული.

"ამ გამოძიების მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ იქ ვლინდებოდა არაერთი სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშანი. არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნიშანი და ასევე სხვადასხვა სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნები. სამწუხაროდ, გამოძიებები ამ კვალიფიკაციით არ მიმდინარეობდა. სახალხო დამცველი ითხოვს, რომ ჩამოშორდეს ეს საქმეთა გამოძიება საგამოძიებო სტრუქტურულ ერთეულებს, სადაც წლების განმავლობაში ეს საქმეები მიმდინარეობდა არაეფექტიანად და მათ შორის ზედამხედველი პროკურორი იქნეს ჩამოშორებული. ასევე საქმიდან ჩამოშორდეს მოქმედი სოციალური მუშაკი,“- აცხადებს გვანცა ჩხაიძე.

დღის ამბები